“რუსეთის მოქალაქეს საქონლის სადგომში აცხოვრებდა და ცემდა, ბოლოს კი შემოაკვდა” – რა მოხდა გავაზში

"რუსეთის მოქალაქეს საქონლის სადგომში აცხოვრებდა და ცემდა, ბოლოს კი შემოაკვდა" - რა მოხდა გავაზშიპროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ფერმაში მიიწვია. ბრალდებულმა მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. – მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.

ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას.

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.