გორში, 2020 წლის 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის შემდგომ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე გამოძიების 9 – თვიანი ვადის გასვლა გახდა.
თარაშ კანდელაკის ერთ-ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და რასაც ედავებიან, არის არასწორი კვალიფიკაცია.
„დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქმის საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ სასამართლოს მიერ.
წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და წარდგენილი ბრალით, რასაც თარაშს ედავებიან, ეს არის აბსოლუტურად არასწორი კვალიფიკაცია, მას ამგვარი ქმედება არ ჩაუდენია და აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდა გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატიც. თამარ თედლიაშვილი დარწმუნებულია, რომ თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
„თარაშ კანდელაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუმცა, გრძელდება სასამართლო განხილვები და დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თარაშ კანდელაკის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, – აღნიშნა ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა.
იპნ

