“ვხედავ, თაფლის და მწნილების ქილებს შორის დგას წყლიანი ქილა _ ყოჩივარდებით….” – ნანა აკობიძე

"ვხედავ, თაფლის და მწნილების ქილებს შორის დგას წყლიანი ქილა _ ყოჩივარდებით...." - ნანა აკობიძენანა აკობიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ხილ-ბოსტნის ფარდულია ერთი ბელინსკიზე (ახლანდელი ჭოველიძე), ყუთებით გარეთ აწყვია პროდუქტი, მხოლოდ ასაწონად შედიხარ შიგნით. მიყვარდა შესვლა: ამ მოცუცქნულ ფართში სიწკრიალე იყო ისეთი, ისეთი…

და კედლებზე ყოველთვის ეკიდა ან ზაფრანების გირლიანდები, ან კამის შეკრული კონები – დაუდევრად კი არა, ლამაზად, მოკოპწიავებულად. ყველაზე მეტად რაც მომტაცებდა ხოლმე თვალს: ყვავილების პატარა კონაც აუცილებლად იდო ქილაში, თაფლის და მწნილების ქილებს შორის.

“ვცდილობ, როგორც შემიძლიაო,” – გამიღიმებდა დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი-გოგო, რომ შევუქებდი იქაურობას. მძიმე წონის მიუხედავად, ძალიან მარჯვედ იცოდა შერჩევა, აწონვა… “მიატანინე მანქანამდე” – ეტყოდა იქვე მდგომ ქმარს. ეს მომენტი მომწონდა: ისეთი ხმით და სახით გასძახებდა, რომ ხაზგასმულად გაგრძნობინებდა: თვითონაც კი იცის, რაც უნდა ქნას, უბრალოდ, ვახსენებო. სხვა მარტივ დავალებებსაც: “ის მომაწოდე, ეს მომაწოდე” ამ ხმით აძლევდა.

არიან ასეთი ქალები: სხვის თვალში ქმრის ფასის ამწევი, საკუთარი მნიშვნელობის ხაზისარგამსმელი ქალები და ასეთი ჩანდა ეს ლამაზი, მაგრამ შრომაში მოტეხილი ქალი-გოგოც.
ერთხელაც მარტო დამხვდა ეს კაცი. ქალი მოვიკითხე: ცუდი დაავადება აღმოაჩნდა, შეიძლება, თურქეთში წავიყვანოთ, თუ გვექნა საშუალებაო.. შევწუხდი ძალიან, მოვუხშირეთ იქ სიარულს. “იმათთან იყიდე, რა!” – დავაბარებდი ხოლმე ჩემს ქმარს, საყიდლებზე რომ გადიოდა.
ერთხელ ყურებჩამოყრილი მოვიდა ჩემი ქმარი: გული დამეწვა, მომკვდარა ქალი, დაკეტეს ფარდულიო.
…გააღო მერე კაცმა ისევ ფარდული და გაგრძელდა ცხოვრება, როგორც ხდება…. გარედან ისევ ისეა ყველაფერი, ისევ მასთან ვცდილობთ ყიდვას, გავესაუბრებით, ბავშვებს მოვიკითხავთ….

გამოვიარე ამასწინათ და რატომღაც, მომინდა, შემეხედა შიგნით: შევედი ასაწონად და ვხედავ, თაფლის და მწნილების ქილებს შორის დგას წყლიანი ქილა _ ყოჩივარდებით….
…ავდუღდი, ავცრემლდი. ერთიორად ამაღლდა ჩემს თვალში ის მობუზული, ფრთამოტეხილი კაცი და დიდმა პატივისცემამ გადამიწონა სიბრალული.”