ადვოკატი თოდუა – “მენაბდეს დანაშაულის იარაღი ეჭირა, ის აქამდეც უნდა დაეკავებინათ”

ადვოკატი თოდუა - "მენაბდეს დანაშაულის იარაღი ეჭირა, ის აქამდეც უნდა დაეკავებინათ"დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან  დანაშაულის ჩადენის ერთადერთი იარაღი სწორედ მენაბდეს ეკუთვნოდა.

“მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ის ერთი დანა, რომელიც ინკოგნიტოა და გამოძიებაში არ დევს, ის დანა უნდა იყოს, რომელიც სწორედ მენაბდეს ეჭირა ხელში. პირდაპირ დასტურდება ბარბაქაძის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ეს ბავშვი ამბობს, რომ მე ჩხუბში ჩავერთე მაშინ, როდესაც დავინახე, რომ მენაბდეს ზურგში დანა ჩაარტყესო. რატომ ჩაარტყეს მენაბდეს ეს დანა და რატომ კალანდიას არა, ამ კითხვას ვუსვამთ უკვე დიდი ხანია გამოძიებას. ალბათ, ის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდა მისი მეგობრისთვის, ვიდრე კალანდია.

კალანდიას მენაბდის ნაწილში არაფერი აქვს დანახული და ტყუილს როგორ იტყვის ბავშვი. მან თქვა, რაც არ დამინახავს იმას როგორ ვიტყვიო. 53-55 წამი გრძელდებოდა სულ ეს კონფლიქტი,”- განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუა.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.