აფეთქება ახალციხეში – რესტორან “იმერეთის” ვიტრაჟებმა საცხოვრებელი კორპუსი დანგრევას გადაარჩინა

აფეთქება ახალციხეში - რესტორან "იმერეთის" ვიტრაჟებმა საცხოვრებელი კორპუსი დანგრევას გადაარჩინაახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება სარდაფში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე იმ მილიდან ჟონავდა, რომელიც შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე დაზიანდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა.

აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს რესტორან იმერეთში მოხდა.

„გაზმა სარდაფში კორპუსის საძირკვლის კედელში არსებული ხვრელის მეშვეობით შეაღწია, რომელშიც წყალსადენის მილია გატარებული. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც მობინადრეებმა წყალსაქაჩი პომპა ჩართეს. შედეგად ჩამოინგრა სარდაფის დახურვის გარკვეული ნაწილი. აფეთქების ძირითად კერას სწორედ სარდაფი წარმოადგენს.

იმ გარემოებაზე რომ აფეთქების არეალი დიდ მოცულობას არ მოიცავს, გადამწყვეტი როლი პირველ სართულზე მიშენებაში არსებულმა ვიტრაჟებმა ითამაშა. ეს იყო სუსტი ადგილი, რა მიმართულებითაც გაიშალა აფეთქების ძლიერი ტალღა და ამით მოხდა დამანგრეველი ძალის დასუსტება და არ მიეცა მას ზემოთ გავრცელების საშუალება. შედეგად ნგრევის არეალი მხოლოდ პირველი სართულის იატაკის ნგრევით შემოიფარგლა“, – წერია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, გარდა პირველი სართულის იატაკის ნგრევისა, სხვა ძლიერი დაზიანებები შენობას არ მიუღია:

„სადარბაზოების მხარეს მიშენებების გადახურვებს და გარე კედლის ნალესში 2-3 მმ-მდე სიგანის ბზარები გაჩნდა, მაგრამ აღნიშნული დაზიანებები შენობის მდგომარეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შენობის დანარჩენს ნაწილში დაზიანებები არ ფიქსირდება“.

სამხრეთის კარიბჭე