ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” პოლიტიკაში გიორგი გახარიას სანსებზე საუბრობს.
– რა შანსები აქვს გახარიას?
– რაზე დაყრდნობით ამბობენ ადამიანები, რომ გახარიას აქვს მაღალი რეიტინგი, 200 ათასი ლაიქიდან გამომდინარე, რომელიც მის ფეისბუქფოტოზე ვიხილეთ?! 200 ათასი ლაიქის გაკეთება ფეისბუქში ჯდება 500-დან 700 დოლარამდე.
– ფულს იხდიან?
– აბა რას შვრებიან! ამ ტროლებზე, ბოტებზე და ასე შემდეგ უამრავი ფული იხარჯებოდა, სწორედ მისი პრემიერობის დროს. ძალიან ბევრი ფეიკია შექმნილი, ასი ათასობით, ფეისბუქში, რაც მე ვიცი, რომლებიც თავის დროზე ეხმარებოდნენ მის პრემიერობას, სოციალური ქსელიდან. ძალიან ბევრი ყალბი ექაუნთი იყო შექმნილი და ახლა უნდათ, რომ ფოტოს ლაიქებით განისაზღვროს გახარიას რეიტინგი?!
გახარიას განცხადებამ, რომ ის პოლიტიკაში რჩებოდა, პირველ ფოტოსთან შედარებით ლაიქების მეოთხედიც ვერ მოაგროვა. ვინ შექმნა გახარია?!
– ვინ შექმნა?
– ვინ და ბიძინა ივანიშვილმა! თუ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შექმნას ერთი გახარია, მას შეუძლია შექმნას მეორე და მესამეც. თუ ასეთი მაგარი იყო გახარია, სად იყო ივანიშვილამდე? გახარია იყო მოსკოვში და ჩხარტიშვილის ერთ-ერთ ბიზნესს კურირებდა. ეს ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება რეიტინგული ადამიანი საქართველოში.
გახარიას გუნდში იკრიბებიან ის ადამიანები, ვინც ახალი პარტიის შესაქმნელად მოიაზრებოდნენ.
გახარიამ და ბიძინამ რომ იკამათეს და გახარიამ რომ უთხრა, შენ ღარიბაშვილში ხომ არ გეშლებიო, ესეც ვიცი. ზუსტად ვიცი, რომ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება გახარიასთან.
გახარიას მომყვანი და დამწინაურებელი ბიძინა ივანიშვილია. კაცი დასვა პირველ პირად და ელემენტარულად მასზე არ გქონდეს კომპრომატი, მე წარმოუდგენლად მეჩვენება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა