„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ის ვერასოდეს გაბედავს ბიძინას წინააღმდეგ წასვლას.
– კალაძეც ბიძინას პროექტი იქნება, თუ გავიდა „ოცნებიდან“ და ვერც ის გაბედავს ბიძინას წინააღმდეგ წასვლას?
– ბოლო დღეები ერთადერთ რამეს მიჩვენებს, რომ ალბათ უთხრეს, მეორედ მერი ვერ იქნებიო და ახლა ფიქრობს, როგორ მოიქცეს. მარტო თამაშისთვის მზად არ არის. მხოლოდ ფინანსურად არის მზად, მაგრამ პოლიტიკური გამძლეობისა და პრინციპულობის მხრივ არაა მზად. საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა და დრო სჭირდება, გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს.
– მისი ავადმყოფობა არარეალურია?
– ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რაც არის ეს დიაგნოზი, რადგან ჩემს რამდენიმე ახლობელს ჰქონდა და ვიცი, რამდენად ადვილად განკურნებადია.
– ანუ ეს მიზეზია ტაიმაუტის ასაღებად?
– არა მარტო ტაიმაუტის, არამედ რატომ არ ჩანს და არ აქტიურობს, ამის გასამართლებლად არის ეს.
– გახარიასა და კალაძეს ერთად ვერ ხედავთ და ცალ-ცალკე განიხილავთ?
– არაფერს გამოვრიცხავ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდმა ერთ დასკვნამდე მიმიყვანა. როდესაც საქმე შეეხება „ოცნებასა“ და მის გუნდს, არასოდეს უნდა გააკეთო პროგნოზი და ეს პროგნოზი არ უნდა იყოს ლოგიკური, რადგანაც მათგან აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა