გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა – მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დასკვნითი სხდომიდან დუშეთის რაიონული პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლი ვლადიმერ ფრიდონაშვილი გაამართლა და გაათავისუფლა.
განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს გარეთაც ხმაური იყო. შვილმოკლულ დედას სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ.
ყოფილ პოლიციელს იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში ედებოდა ბრალი, რომელიც გასულ წელს დუშეთის რაიონში მოხდა და რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2020 წლის 26 ივლისს, სოფელ არაგვისპირში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი ლ.ზ. გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, ავტომანქანას სწორედ დუშეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ ფრიდონაშვილი მართავდა ნასვამ მდგომარეობაში.
მისივე თქმით, ფრიდონაშვილს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ალკოტესტით ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს და პოლიციელის დანაშაული არ გამოკვეთეს.
დაზარალებული მხარე გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:
– ეს ესე არ დარჩება, აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციოში, შემდეგ უზენაესში, ბოლომდე ვიბრძოლებ, მაინც დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი, – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა.
მთავარი

