ეს ისტორია 1959 წელს დაიწყო, როდესაც მხატვარი და მოგზაური მალიკა დე ფერნანდესი შეხვდა კაცს, რომელმაც შეხვედრიდან ზუსტად ორ საათში ხელი სთხოვა.
ავიახაზების თანამშრომელი პიტერ რეინ-ბარდტი და მალიკა ფერნანდესი 4 დღეში დაქორწინდნენ.
რამდენიმე თვეში წყვილი დაშორდა და ფერნანდესმა ისევ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. რეინ-ბარდტი ჩეშირში (ინგლისი), თავის კოტეჯში დარჩა.
ორი წლის შემდეგ ფერნანდესი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. უმთავრესი ეჭვმიტანილი რეინ-ბარდტი გახდა. პოლიციამ მისი სახლ-კარი მთლიანად გაჩხრიკა და მისი ბაღი გადათხარა, მაგრამ მალიკას შესახებ ვერაფერი დაადგინა.
20 წლის შემდეგ კი რეინ-ბარდტის კოტეჯთან ახლოს, ტორფის ჭაობში, ქალის თავი აღმოაჩინეს.
ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ ის 30-50 წლის უნდა ყოფილიყო. ეს მტკიცებულება რეინ-ბარდტს წარუდგინეს, რის შემდეგაც მან დანაშაული აღიარა.
აღმოჩნდა, რომ გაყრის შემდეგ ფერნანდესი მას ფულს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჰომოსექსუალობის გამოაშკარავებით ემუქრებოდა. ჰომოსექსუალობა მაშინდელ ინგლისში ჯერ კიდევ დანაშაული იყო.
ერთხელაც რეინ-ბარდტმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა. ამას ჩხუბი მოჰყვა. რეინ-ბარდტმა თქვა, რომ მასში „რაღაც ადუღდა“ და ვერ შეამჩნია, მალიკა როგორ შემოაკვდა. ამის შემდეგ მან ქალის სხეული ნაჯახით დაანაწევრა და უახლოეს ჭაობში ჩააგდო.
საქმე გაიხსნა, მაგრამ გამომძიებელ ჯორჯ აბოტს ერთი ფაქტი აწუხებდა – თუ ეს ფერნანდესის თავი იყო, სად არის დანარჩენი სხეული? გამომძიებელმა თავი ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგზავნა, სადაც დადგინდა, რომ თავის ქალა რომის იმპერიის დროინდელი იყო.
„თავის ქალა ტორფის ჭაობში 16 საუკუნეზე მეტხანს ინახებოდა და მალიკა ფერნანდესთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მისმა აღმოჩენამ მკვლელის აღმოჩენამდე და მის აღიარებით ჩვენებამდე მიგვიყვანა“ – უთხრა პროკურორმა მარტინ თომასმა სასამართლოს.
რეინ-ბარდტმა აღიარებითი ჩვენების შეცვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლოს 3 საათი დასჭირდა მისი ბრალეულობის გამოსაცხადებლად.
ფერნანდესის გვამი დღემდე ვერ აღმოაჩინეს.
მთავარი

