ნიკა ბასილაშვილმა შტრუფს მოუგო და კალიარის ნახევარფინალში გავიდა

კალიარიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის ნახევარი მილიონი ევროა, წარმატებულ სვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მისი მორიგი მეტოქე იან ლენარტ-შტრუფი გახლდათ, რომელსაც გრუნტზე თამაში ეხერხება და ბევრიც გაუმწარებია.

ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი კორტის საპირისპირო მხარეს აქამდე 6-ჯერ დამდგარან და უპირატესობას შტრუფი ფლობდა – 4:2.

პირველი სეტი ორივე ჩოგბურთელმა ოდნავ ქაოტურად დაიწყო და ვერცერთი მათგანი საკუთარი მოწოდების მოგებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მაინც ბასილაშვილმა იმძლავრა და პირველი სეტიც 7:5 მოიგო.

მან პირველი სეტის შემდეგ სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა თამაშის მეორე სეტში დასრულება მაინც შეეძლო. სამწუხაროდ, ჩვენებურს რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა, მეტოქეც უკეთ ათამაშდა – 6:4 გერმანელის სასარგებლოდ და შტრუფმაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე გადამწყვეტ სეტში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქართველმა ჩოგბურთელმა სრული მობილიზება მოახერხა და შტრუფს – 6:3 მოუგო.

ფინალში გასასვლელად ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდება.