ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს – “მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ”

ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს - "მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ"გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ადვოკატების შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე მის მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც მიმართა.

“თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები.

ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება?

ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი.

ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ”, – განაცხადა მელიამ.

იპნ