ნიკა წურწუმიას ბრალი წარუდგინეს

ნიკა წურწუმიას ბრალი წარუდგინეს„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა, ნიკოლოზ წურწუმია 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება.

„წურწუმია დუმილის უფლებას ამ დრომდე იყენებს. რაც შეეხება უშუალოდ იმას, რომ მისი ინტერესის ობიექტი არ ყოფილა არც ბანკი და არც შიგნით მყოფი პირები, ამას ცალსახად ამბობს პირად საუბრებში. გამოძიება თავიდან დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 144-ე მუხლებით. 236-ე მუხლი მოეხნა, იქიდან გამომდინარე, რომ ის, რაც მას ჰქონდა არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი.

სასამართლო 18 აპრილს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება, რომელშიც ნიკოლოზ წურწუმია დისტანციურად ჩაერთვება“, – აცხადებს გიორგი ბარდაველიძე.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს 16 აპრილს ერთი პირი – ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.