ორმა მოქალაქემ 73.628 ლარი მოიპარა და ბიტკოინები იყიდა

ორმა მოქალაქემ 73.628 ლარი მოიპარა და ბიტკოინები იყიდაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს, ა.ს.-ს და ნ.ს-ს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73.628 ლარს.

“უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს იმანი ჯორჯიას ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41.601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ბიტკოინი, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს”, – წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივლისს დააკავეს და მათ პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.