19 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით 8 საათზე მოხდა.
მას სანადირო თოფით, დამიზნებით ესროლეს. ვალერი ნაცვლიშვილის და ამბობს, რომ ეს იმ ბიჭების მამამ გააკეთა, რომლებმაც 2004 წელს ვალერის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს.
,,ჯერ ერთი ძმა მომიკლეს 2004 წელს, ახლა მეორე. ისინი სერიული მკვლელები არიან. ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა. მაგისმა შვილებმა მომიკლეს ადრე ერთი ძმა” – აცხადებს გარდაცვლილის და.
2004 წლის 14 აგვისტოს სოფელ ახალდაბაში მოკლეს ვალერი ნაცვლიშვილის ძმა, – გია ნაცვლიშვილი. ფაქტთან დაკავშირების დააკავეს სამი ადამიანი, რომლებსაც დამამძიმებელ გარემოებაში სასტიკ მკვლელობაში დასდეს ბრალი.
შს სამინისტრო აცხადებდა, რომ გია ნაცვლიშვილი მოკლეს ძმებმა მაჭარაშვილებმა და მათმა თანასოფლელმა როსტომაშვილმა.
პროკურატურის მტკიცებით, 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, ფერმებთან, გია ნაცვლიშვილს მიაყენეს ჭრილობა ზურგის არეში. რის გამოც მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ გია ნაცვლიშვილს მეორედ ესროლეს. კერძოდ, – მარცხენა საფეთქელში. ეს კი სიკვდილის მიზეზი გახდა.
პოლიციამ 3 ბრალდებული 2004 წლის 16 აგვისტოს დააკავა. დაკავებას საფუძვლად მოკლულის მამის ჩვენება დაედო.
ჩვენების მიხედვით, მამა 2004 წლის 14 აგვისტოს დილით ადრე გავიდა სამუშაოდ ფერმაში, რომელიც სოფელთან ახლოს ჰქონდათ. მოგვიანებით მას შეუერთდა შვილი – გია ნაცვლიშვილი. მკვლელობის დროს, დაახლოებით დილის 10 სთ-ზე, მამა, ვახტანგ ნაცვილიშვილი, ფერმის შენობაში იყო შესული, ხოლო შვილი გარეთ მუშაობდა.
სროლის ხმაზე მამა მივარდა ფანჯარას და დაინახა, რომ მისი შვილი ეგდო მიწაზე შენობიდან 40-45 მეტრის მანძილზე. ერთ-ერთ ბრალდებულს ეკავა იარაღი, მეორე და და მესამე პირი უყვიროდნენ, რომ კიდევ ესროლა გია ნაცვლიშვილისთვის.
ბრალდებული როსტომაშვილი ამბობდა, რომ გარდაცვლილის მამამ ისე მისცა ჩვენება, რომ არ იყო მკვლელობის მოწმე და მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამდა.
კერძოდ, მისი ადვოკატი უთითებდა, რომ მამა სროლის ხმაზე ფერმის სახლიდან გამოვიდა, მივარდა ძირს დაცემულ შვილს, შემდეგ გაიქცა სახლში, რომ მის დასახმარებლად მანქანა წამოეყვანა.
ამ მომენტში მასთან მოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეატყობინეს შვილის გარდაცვალების ამბავი.
მამამ მეზობლები გარდაცვლილი შვილის სანახავად წაიყვანა და იქ დაიწყო მტკიცება, რომ ძმებმა მაჭარაშვილებმა და როსტომაშვილმა მოუკლეს შვილი, თუმცა არ უხსენებია, რომ ამ დანაშაულის თვითმხილველი იყო.
2006 წელს პაატა როსტომაშვილი გაამართლეს და გაათავისუფლეს. მან სტრასბურის სასამართლოს მიმართა და 2018 წელს სახელმწიფოს კომპენსაცია დაეკისრა.
ძმებ მაჭარაშვილებს 15-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა 2019 წელს ამოიწურა. ძმებიდან ერთი ისევ პატიმარია, მეორე კი სოფელში ცხოვრობს.
მკვლელობის შემდეგ მეზობლებს შორის დავა არ შეწყვეტილა.
,,რატომ დააჭერინე ბიჭებიო, სულ ამაზე იყო დავა. აჰა, არ მოისვენეს მაინც და მეორე ძმაც მომიკლეს,” – აცხადებს გარდაცვლილი ნაცვლიშვილების და.
სურენ მაჭარაშვილი 75 წლისაა. 2004 წელს, როდესაც მისი შვილები დაიჭირეს, თვითონაც პატიმარი იყო. ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სურენ მაჭარაშვილმა ციხიდან 2006 წელს მისი მკვლელობა შეუკვეთა. რის გამოც, სასჯელის ზომა გაუზარდეს.
ვახტანგ ნაცვლიშვილის განცხადებით, 2006 წელს მისი სახლი ააფეთქეს, რაშიც დაქირავებულმა პირმა 12.000 დოლარი მიიღო.
ქართლი

