საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426.711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281.123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 168.009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111.667 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

