“წადით აქედან, ლეზბიანკებო!” – თბილისში ლესბოსურ წყვილს თავს დაესხნენ

"წადით აქედან, ლეზბიანკებო!" - თბილისში ლესბოსურ წყვილს თავს დაესხნენ20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი მამაკაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

„20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.

გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.

მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინციდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა.

მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, – ნათქვამია თბილისი პრაიდის ინფორმაციაში.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა.