ცოლის დისშვილებს ნივთებს აყიდვინებდა და დღეში 40 ლარს ითხოვდა – 46 წლის დ.კ. დააკავეს

ცოლის დისშვილებს ნივთებს აყიდვინებდა და დღეში 40 ლარს ითხოვდა - 46 წლის დ.კ. დააკავესსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. ამასთან, დ.კ.-მ არასრულწლოვნებს სავალდებულოდ დაუწესა მასთან ყოველ დღე 40 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა და შრომის გაგრძელებას აიძულებდა.

არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული დ.კ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.