ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის პატიმრობაში დატოვებას მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მცირე ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ერთ-ერთი დაკავებულის დედის განცხადებით, ვახო სანაიამ ყველაფერი მოიტყუა და მისი შვილი უდანაშაულოა.
ცნობისთვის, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
“საქმეში არის ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმეზე გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ უნდა აღდგეს დაზარალებულის ინტერესები, ის მორალური ზიანი, რომელიც მიიღო ბატონმა ვახომ, მისმა ოჯახმა, შვილმა. დაზარალებულის ინტერესი არ არის არც ერთ შემთხვევაში შურისძიება, არამედ ჩვენი მიზანია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ,“ – აცხადებს სანაიას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

