“ვიღაც კაცი თოფით ხელში და ჩხუბით მოდიოდა” – აბასთუმანში 1 კაცი მოკლეს, 1 დაჭრეს

"ვიღაც კაცი თოფით ხელში და ჩხუბით მოდიოდა" - აბასთუმანში 1 კაცი მოკლეს, 1 დაჭრესაბასთუმანში, მდინარე კურცხანასთან, სადაც შემოვლითი გზა შენდება, დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევის შედეგად  ერთი პირი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა.

დაჭრილი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გარდაცვლილს კი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ექსპერტიზა უტარდება.

“შემოყვანილია 35 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც მხრის არეში თოფით აქვს მიყენებული ჭრილობა, ამჯერად სხვას ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ახალციხის  ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი.

კლინიკასთან მობილიზებული არიან პოლიცია და დაჭრილის ახლობლები.

“112–ის მიერ შემოყვანილია პაციენტი. აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის და მხრის არეში. ჭრილობა არის შემავალი და გამჭოლი. რენტგენოგრაფიით ძვლის დაზიანება არ დგინდება, ჩაუტარდა ქირურგიული მომსახურება, ამჟამად პაციენტი იმყოფება მიმღებ განყოფილებაში დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, მალე გავწერთ ამბულატორიულ მკურნალობაზე”, – აცხადებს კლინიკის ქირურგი შოთა ქუფარაშვილი.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 14:05 საათზე შეიყვანეს.

დაჭრილის მეუღლე ამბობს, რომ მათთვის უცნობია პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. დაჭრილმა კლინიკა უკვე დატოვა, ის დაკითხვაზე პოლიციაშია გადაყვანილი.

„ჩემ მეუღლესთან საუბრის შესაძლებლობა არ მომეცა, გამომძიებელს უთხრა, რომ 500 მეტრის მოშორებით დაინახა, რომ ვიღაც იარაღით ხელში და ჩხუბით მოდიოდა. გვერდზე მდგომს [გარდაცვლილს] უთხრა,  დაწექიო, მაგრამ ვერ მოასწრო, თავად ტყვია ხელზე მოხვდა. რადგან შორს იყო ის პიროვნება სახეზე ვერ დაინახა“, – ამბობს “სამხრეთის კარიბჭესთან” დაჭრილის მეუღლე.

მეუღლისთვის სამსახურში ეს პირველი დღე იყო: „სამუშაოებს ზედამხედველობდა და დღეს გეოდეზიტებს ელოდებოდნენ. ”

ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის. შსს–ს თანამშრომლები დაბაში შემსვლელ ყველა მანქანას ამოწმებენ.

როგორც “სამხრეთის კარიბჭესთან” ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირება შპს “ჯეუ გრუპის” ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის მოხდა. მიზეზი დაგვიანებული ხელფასია.

დაჭრილი ადიგენში, სოფელ არალში ცხოვრობს, გარდაცვლილი ახალგაზრდა ახალციხელია. მკვლელობაში ბრალდებული კი, როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  დაბა აბასთუმნის მკვიდრია.