დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარ არხს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარ არხს ფიზიკურად გაუსწორდნენცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში – ნაცემია ივერი მელაშვილი, დამტვრეულია “მთავარი არხის” კამერა და ტექნიკა.

ადგილობრივებმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს გზა გადაუკეტეს. ისინი საგარეჯოში გამოკითხვაზე მიდიოდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ივერი მელაშვილს.

ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. მათ დააზიანეს “მთავარი არხის” კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს. ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიციაც, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.

“მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ადგილი დატოვეს.

როგორც გადამღები ჯგუფი ყვება, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

სასულიერო პირები არხის ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას და ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა გადამღები ჯგუფი, დავით-გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და “შაბათის მთავარის” სიუჟეტზე მუშაობდა.

ივერი მელაშვილმა მომხდარზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

– ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, გინდა სასულიერო პირები და გინდა სოფლის მოსახლეობა, რომელიც დაგვხვდა, შეცდომაში შეიყვანეს. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. წარმოიდგინეთ, მართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს და შეურაცხყოფას მაყენებს. მათ ჰგონიათ, რომ რატომღაც, ვითომ მელაშვილმა თქვა, რომ გარეჯი საქართველო არ არის, გარეჯი რომ საქართველოა, რად უნდა ამას ბევრი მტკიცება. უბრალოდ სიმართლე ის არის, რომ ამ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რაზეც განთავსებულია ეს ისტორიული სამონასტრო კომპლექსი, საბჭოთა კავშირის დროს, 1921 წელს და 29 წელს მოხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ვისურვებდი, რომ მალე გაირკვეს ყველაფერი, თქვენ იცით, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.