ასპინძაში, სოფელ ხერთვისში 39 წლის კაცს, რომელიც მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ქვეითად მოსიარულეს მანქანა სავარაუდოდ 17:00–დან 17:30 საათის პერიოდში დაეჯახა, გარდაცვლილი კომენდანტის საათის დაწყების დროს იპოვეს.
„გარდაცვლილი თავის დასთან იყო სტუმრად, იქვე სოფელში ცხოვრობს, უკან მობრუნების დროს მოხდა ეს ამბავი. სახლში მისვლა რომ დააგვიანა, ძმამ დაუწყო ძებნა, კომენდანტის საათის დროს იპოვა. გზაზე ნახა ის ნივთები, რაც თან ჰქონდა. მანქანის დარტყმის შემდეგ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან, ერთ–ერთი ადგილობრივის ბაღში ჩავარდა“, – ამბობს ხერთვისის მკვიდრი.
39 წლის კაცს მანქანა სავარაუდოდ მთელი ძალით შეეჯახა, რადგან ადგილზე მუხრუჭის კვალი არ არის.
„აქვე ვართ, მაგრამ არაფერი ხმა არ გაგვიგია, დატორმუზებულიც არ იყო, არც კვალია, დაეჯახა და გაიქცა. მერე მაღაზიასთან გაჩერებულა, მაღაზია დაკეტილია, მაგრამ კამერები აქვს, ალბათ ყველაფერი გამოჩნდება“.
ამავე მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა სავაჭრო ობიექტთან დაზიანებული მანქანა, რომელიც სავარაუდოდ 39 წლის კაცს დაეჯახა, დაახლოებით 17:30 საათზე შენიშნა.
„მანქანას წინა საქარე მინა ჩამტვრეული ჰქონდა, კარები კი შეჭეჭყილი, სარკე მოტეხილი იყო, პოლიცია უნდა ამოვიდეს და დაჰკითხოს“, – ამბობს იგი.
გარდაცვლილი ახალციხის ექსპერტიზის ბიუროში იმავე დღეს გადაიყვანეს. სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, 39 წლის კაცს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ჰქონდა ქალას ფუძის მოტეხილობაც: „1982 წელს დაბადებული კაცი არანაკლებ 2-4 საათის და არაუგვიანეს 12-14 საათის გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ექსპერტი.
სამართალდამცველებმა ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავეს, იგი ახალციხელია.
სამხრეთის კარიბჭე

