“გახარია თბილისის მერად შოთა ან აჩი არველაძეს წარადგენს”

"გახარია თბილისის მერად შოთა ან აჩი არველაძეს წარადგენს"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას აქვს რაღაც რეიტინგი, მაგრამ ეს არ არის დიდი რეიტინგი, სადღაც 7-8%-ია:

– მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი არველაძე, შოთა ან აჩი, აპირებს გახარიასგან თბილისის მერობაზე კენჭისყრას.

– ძმები არველაძეები უკვე ბევრჯერ გამოჩნდნენ გახარიას გვერდით.

– კი ბატონო, მათ უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვთ პიარკამპანიები სოციალურ ქსელებში. მე თავიდან მქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ არველაძეები, როგორც გახარიას გუნდის წევრები, მაგრამ, იცით, რომ კალაძესთან დაპირისპირებული არიან და მაშინ ეს ამბავი არ გამოვიდა. ახლა კი ადგილობრივ არჩევნებში გამოჰყავს გახარიას ეს ფალავნები და სწორედ მათ რესურსს გამოიყენებს. თბილისელი ბიჭები არიან. მათ მართლაც კარგი რეპუტაცია აქვთ.

– “ოცნება” ვის დაუპირისპირებს?

– თუ ასე გადაწყდება, მაშინ ატყდება ერთი ამბავი და  “ოცნებაც” და კალაძეც ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ კალაძე დარჩეს მერად. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება, კალაძე ბევრს აღარ ეხატება გულზე, მაგრამ, გახარიას მხრიდან თუ არველაძე დადგა, შოთი იქნება თუ აჩი, ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქეთა მხრიდან აუცილებლად უნდა დადგეს კალაძე. ეს ორი გუნდი, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ერთმანეთთან სულ დაპირისპირებაშია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა