“ღორს მოუქნია ჯოხი, რომელიც სადენს მოხვდა” – მარტვილში ნათია კუპრავა დენის დარტყმით დაიღუპა

"ღორს მოუქნია ჯოხი, რომელიც სადენს მოხვდა" - მარტვილში ნათია კუპრავა დენის დარტყმით დაიღუპამარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში ახალგაზრდა ქალი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია “ლაივპრესს” სოფელში მერის წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. მიზეზი კი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.

“საძროხეში შედიოდა. ღორი ყოფილა შესული. ჯოხი მოიქნია, რომელიც მოხვდა კაბელს. კაბელი ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. ასე მოხდა ეს საშინელი ამბავი”,- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.

პრაიმ ტაიმის ცნობით, გარდაცვლილი ქალი 26 წლის ნათია კუპრავაა. იგი თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილები დედასთან ჰყავდა დატოვებული და ფინანსური პრობლემების მიუხედავად მათ მონატრებას ვერ გაუძლო.

„მთელი სოფელი გლოვობს ახალგაზრდა ქალს, ტრაგედიაა სოფლის. სარეცხს ფენდა და იქვე ღორი მოუახლოვდა. მან რკინის ჯოხით სცადა საქონლის მოგერიება, სარეცხ თოკსა და ელექტროსადენს შორის მცირე იყო დაშორება და სადენს მოხვდა რკინის ჯოხი, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა“,- ამბობს მეზობელი.

გარდაცვლილი ქალის ქმარსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობას საჭიროებს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.