გიგი უგულავა – “ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი არ მიცემია”

გიგი უგულავა - "ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი არ მიცემია"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე, ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვსაუბრობთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაზე და ეს კლასიკური შემთხვევაა. ეს კაცი მომიგზავნეს, შემდეგ მისი ცემა დამაბრალეს და ამის გამო პასპორტი ჩამომართვეს. მისი მოგზავნა იყო 20 ივნისთან დაკავშირებული, როდესაც ივანიშვილმა და გახარიამ დათვის ტყვიები ისროლეს, მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებდნენ, ეს იყო გინება.

არის მომენტები როდესაც ან უნდა იყვირო, ან უნდა შეაგინო. მუხლი მძიმე არ არის, ამნისტირებული მუხლიც არის, უბრალოდ იმ ძიუდოისტი კაცის თანხმობა არის საჭირო, რომ მე მაპატიოს კანონმა. არ ვიცი, რატომ აწყობთ ამის გახსენება, მგონი, ეს ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დაგვღალოს და როდესაც უნდა, დაგვიჭიროს.

ეს არის მერვე საქმე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის აღძრული. შეიძლება ერთი-ორი შემეშალოს, მაღალ თანამდებობაზე ვიყავი და კი ბატონო, თუ გინდა დავისაჯო, მაგრამ როდესაც რვა საქმეს აღძრავ, ეს უკვე მეტყველებს შენს სისტემაზე და არა იმ ადამიანზე“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.