სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1958 წელს დაბადებულ ვ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა.
ირკვევა, რომ დაკავებულს რამდენიმე ადამიანი ცემდა.
– ისე მოაქციეს კედელთან, რომ ეს კაცი ვეღარ გავიდა. მე ვეხმარებოდი, ვაშველებდი, მაგრამ მე ძირს დამაგდეს. ტელეფონი ამომივარდა და მერე დავიწყე უკვე წივილი, ბავშვს ვუთხარი, დარეკე პატრულში მეთქი. როგორ დაარტყა დანა, ეს არ დამინახავს, ბავშვი ამბობს, მე დავინახეო, – უთხრა თვითმხილველმა რუსთავი 2-ს.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3 – დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

