“კალაძის გარეშე “ოცნება” თბილისს ვერ მოიგებს” – თორნიკე შარაშენიძე

"კალაძის გარეშე "ოცნება" თბილისს ვერ მოიგებს" - თორნიკე შარაშენიძეექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალი თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის 4-5 კანდიდატი იბრძოლებს:

– ერთი იქნება ნაცმოძრაობიდან, ერთი “ოცნება”, ერთი ალბათ იქნება გახარია ან მისი კანდიდატი, მცირე ოპოზიციური პარტიებიც წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს.

– დარჩება კახი კალაძე “ოცნების” კანდიდატად? გახარია არველაძეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მერობაზე ერთ-ერთ არველაძეს წარადგენს.

– ხმებზე დაყრდნობით ვერ ვილაპარაკებ, ფაქტებზე დაყრდნობით უნდა ვილაპარაკო. ყოველ შემთხვევაში, კალაძეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება ხმებს გახარია-არველაძეების თაობაზე, არველაძეები საკმაოდ სერიოზული შენამატი იქნება გახარიასთვის. არველაძეები კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ ქალაქში, კარგი თბილისელების ოჯახი, პოპულარული სპორტსმენები და ასე რომ ვთქვათ, შეურყვნელები, არანაირი კომპრომატი მათზე არ არსებობს. შესაბამისად, საკმაოდ ძლიერი სვლა იქნება.

– “ოცნების” მხრიდან თუ კალაძე დარჩა, ფეხბურთელების ჭიდილს ხომ არ მივიღებთ?

– დიდი ამბავი, საქართველოში რა არ გვინახავს?! საკმაოდ საინტერესო ადგილობრივი არჩევნები გველის.

– რას გამოკვეთს ეს არჩევნები? რა პროცესის დასაწყისი იქნება?

– ეს არის “ოცნების” მესამე ვადა და ადგილობრივ არჩევნებზე თუ დამარცხდა, მერე მართლაც არის სერიოზული შანსი, რომ ოპოზიციამ “ოცნება” დაამარცხოს. ამით არის საინტერესო.

– ალბათ, სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ ვინ იქნება “ოცნების” მერობის კანდიდატი?

– რასაკვირველია.

– ბევრი ფიქრობს, თუ კალაძე არ იქნება, “ოცნება” წააგებს. თქვენც ასე ფიქრობთ?

– კალაძის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მის გარეშე “ქართულ ოცნებას” მართლა ძალიან გაუჭირდება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა