კოვიდაფეთქება სეიშელზე – რატომ ვერ გაამართლა სინოფარმის ვაქცინამ?

კოვიდაფეთქება სეიშელზე - რატომ ვერ გაამართლა სინოფარმის ვაქცინამ?სეიშელის კუნძულები, სადაც მოსახლეობის 60% „სინოფარმით“ აიცრა და თითქოს ქვეყანა მზად იყო კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, კოვიდით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგების გამო, კვლავ შეზღუდვებზე გადადის.

რატომ „აფეთქდა” კოვიდი ხელახლა მსოფლიოს ყველაზე ვაქცინირებულ სახელმწიფოში?

ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ის სწავლობს მონაცემებს და აკვირდება დინამიკას, რომელიც ყოველდღიურად მზარდია სეიშელის კუნძულებზე.

სეიშელის კუნძულებმა, რომლის შემოსავლის წყაროც ტურიზმია, ვაქცინაცია ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო და მარტში ხელახლა გახსნა საზღვრები, თუმცა გასული კვირიდან ქვეყანაში მოულოდნელად სწრაფად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა.

ახალი შეზღუდვების გამო, მაღაზიები, ბარები და კაზინოები დროზე ადრე იკეტება. ტურისტებსაც სანაპიროზე დიდ ჯგუფად შეკრება ეკრძალებათ – მხოლოდ 4 ადამიანი. ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებაც გადაიდო.

არადა, 100 000-ზე ნაკლები რაოდენობის მოსახლეობის უმრავლესობა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით უკვე აცრილია. მოსახლეობა ჩინური „სინოფარმითა“ და ინდური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, „კოვიშილდით“, აიცრა. ვაქცინაციის მეტი წილი, 60 %, „სინოფარმზე“ მოდის.

მასშტაბური ვაქცინაციის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო მონაცემებით, დღეში საშუალოდ 134 ადამიანი ინფიცირდება. საერთო ჯამში კი, პანდემიის პერიოდში 7 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები არც ისე დიდია, პროცენტულად იმაზე მძიმედაა საქმე, ვიდრე ახლა ინდოეთშია.

რადიო თავისუფლება