სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს მედეა პატაშურის საქმეს, რომელიც საქართველოში 2016 წელს გახმაურდა.
წლების განმავლობაში პატაშური საქართველოში ქმრის მხრიდან სისტემურ ძალადობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მას მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. შესაბამისად, პოლიცია დამნაშავეს არ სჯიდა. საბოლოოდ პატაშურმა საქართველო დატოვა.
სტრასბურის სასამართლოს თანახმად, პატაშურის საქმეზე კომუნიკაცია შედგა. ეს ნიშნავს, რომ ამაზე ეცნობა ასევე საქართველოს სახელმწიფოსაც.
წლების განმავლობაში მედეა პატაშური ამტკიცებდა, რომ ქმარს, რომელიც პოლიციის ფარული აგენტი იყო, საგამოძიებო ორგანოების მაშინდელი თანამშრომლები და დეპუტატის თანაშემწე მფარველობდნენ.
“ვერასოდეს ადგილზე ვერ იჭერენ იმიტომ, რომ ყოველთვის ისეთ დროს მოდის პოლიცია, როდესც უკვე მიმალულია. არასოდეს არ ხდება ჩემი ჩვენების მოწმეების მხრიდან დადასტურება. დუშეთში მუსირებს ასეთი აზრი, რომ მას მფარველობს ზვიად ჯანყარაშვილი [შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი], ამიტომ რამაზი არასოდეს დანაშაულის მიხედვით არ დაისჯება. ამას აცხადებს თვითონაც, რომ ჯანყარაშვილი მისი მეგობარია და არავინ მას არ შეეხება.
ორივე შემაკავებელი და დამცავი ორდერი დაარღვია, თუმცა რამაზ ხ. ამის მიხედვით არ დაუსჯიათ. მეორე შემაკავებელი ორდერის დარღვევისას მან დედაჩემს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა გამოძიება ამ კუთხით არ დაწყებულა. 2016 წლის დასაწყისში გამიტყუა გარეთ, სახლის წინ დამაჯახა მანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მივიღე მოტეხილობები“, – ამბობდა მედე პატაშური 2016 წელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მაშინ ამბობდნენ, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ქალმა დუშეთის პოლიციაში ყოფილი ქმრის წინააღმდეგ 18 საჩივარი შეიტანა. აქედან 13 განცხადებაზე რეაგირება მოხდა ადმინისტრაციული წესით, ხოლო სისხლის სამართლის საქმე 5 შემთხვევაზე აღიძრა – მათ შორის, მუქარის, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობის მუხლებით.
საქმეზე ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი დადგა. სტრასბურის სასამართლოს ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე დიდი სასჯელი, რაც სასამართლომ ბრალდებულს დააკისრა 4000 ლარი ჯარიმაა (მანქანით დაჯახებისთვის).
ნეტგაზეტი

