ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა.
როგორც მისი ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების გამო მიმართა. პაპიძე ამბობს, რომ პოლიცია ღოღობერიძის ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა. როგორც ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძე საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, გამომძიებლები კი არ შეხვდნენ. სწორედ, ფინანსური პოლიციის შენობასთან სცადა მან თავის დაწვა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასეთი განცხადება გაავრცელა:
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია.
სამართალდამცავი უწყება, აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.
საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.”

