მილანში მცხოვრები ნუკა კოპალეიშვილი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დიზაინზე მუშაობს

მილანში მცხოვრები ნუკა კოპალეიშვილი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დიზაინზე მუშაობსნუკა კოპალეიშვილი პატარაობიდან პოპულარული გახლდათ საქართველოში. ცნობილი ტელეწამყვანის, დალი ფრიდონაშვილის ერთადერთი ქალიშვილი საზოგადოებამ სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ სერიებით გაიცნო.  სკოლის დასრულების შემდეგ ნუკამ ინტერიერის დიზაინის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი მილანის დომუსის აკადემიაში იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა დაასრულა. ამჟამად იტალიაში ცხოვრობს.

ნუკა კოპალეიშვილი:

– წელიწადნახევარზე მეტია, მილანში ვცხოვრობ. მაგისტრატურა ერთ წელს გაგრძელდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ცოტა გვიან დამთავრდა.

დომუსის აკადემია იყო ტოპუნივერსიტეტი, სადაც სწავლა მინდოდა. სტაჟირება მაშინ დავიწყე, როდესაც მილანში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა. ინტერიერის დიზაინის სტუდიაში სამთვიანი სტაჟირება გავიარე. ამის შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია ერთ-ერთ საერთაშორისო სტუდიაში, რომელიც აგებდა არქიტექტურულ მოდელებს. ნორვეგიის ქალაქ ბერგენიდან სახელმწიფო დაკვეთა ჰქონდათ, გავაკეთეთ 30 კვ.მ.-ის არქიტექტურული პროექტი, რომელზეც 5  თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, ახლა გამოფენენ და ამით ძალიან ვამაყობ.

ამის შემდეგ დამინიშნეს გასაუბრება ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც საოცარ პროექტებზე მუშაობს და ამიყვანეს.

ახლა ვმუშაობთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მთავარ ოფისზე. ამ კომპანიაში ერთადერთი ინტერიერის დიზაინერი ვარ, შესაბამისად, ამ პროექტში სრულად ვარ ჩართული. გრანდიოზული შენობა და ტერიტორიაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ოფისებს, არამედ საცურაო აუზებს, საფეხბურთო მოედნების და ჩოგბურთის კორტებს. პატარა ქალაქივითაა.

– იტალიური ცხოვრების წესს შეეჩვიეთ? 

– სამწუხაროდ, ნახევარი წელი მთლიანად სახლში გავატარე. ახლა იხსნება ნელ-ნელა ყველაფერი და ვფიქრობ, აქაური ცხოვრების გემოს თანდათანობით გავიგებ.

ფორტუნა