ნიკა მელია თავის სასამართლოს ვერ დაესწრება

ნიკა მელია თავის სასამართლოს ვერ დაესწრება„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.