„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.
ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.
ცნობისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

