20 ათასი ლარი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილს დღეს, 5 მაისს, გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით საფარიძემ შესთავაზა. ის ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუის – სულიკო ცეცხლაძის ადვოკატია. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ნინის ბაბუა ისევ პატიმრობაში დატოვა.
„მომეტებული საფრთხის შემცველია ამ ეტაპზე… მაღალი რისკია, რომ შესაძლოა ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
ადვოკატმა ნინის ბაბუას გათავისუფლება ძირითადად ორი მიზეზის გამო მოითხოვა: ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახლში მარტოდ დარჩენილი მეორე შვილიშვილი.
„ბატონო სოლომონ, ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა მან გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრალდებული პროცესს დისტანციურად დაესწრო.
„ნახვამდის,“ – მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა.
ადვოკატ დავით საფარიძის თქმით, ბაბუა ბრალს არ აღიარებს არც ერთ ეპიზოდში. მას გამოძიება ორ ეპიზოდში მოზარდი შვილიშვილის ცემას და მუქარას ედავება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.
„ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ლოყაზე მოქაჩა შვილიშვილს გაბრაზებულმა, ცემა ეს არ იყო,“ – ამბობს ადვოკატი.
მისი ინფორმაციით, პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებს ბაბუას მხრიდან შვილიშვილზე ძალადობას, არ არსებობს.
„ირიბი მოწმეა მხოლოდ ყოფილი რძალი, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ოჯახზე განაწყენებულია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით საფარიძემ.

