კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი ქეთი ჩხაიძე ტვ პირველთან მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა. სკანდალური ინტერვიუ ტვ პირველის შაბათის ეთერმა ქეთი ჩხაიძის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა.
28 წლის ქალი მეუღლის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ჩხაიძე აღიარებს, რომ მკვლელობის შესახებ იცოდა და ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს არ აცნობა.
ქეთი ჩხაიძე 13 მარტის მოვლენებს იხსენებს. ამბობს, რომ კასპში, სახლში მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო, როცა მან მეუღლესთან იჩხუბა.
– მოვიდა სახლში, ჰქონდა რაღაცები მიღებული, ურთიერთობაზე უარს ვეუბნებოდი, გაბრაზდა, რომ უარი ვუთხარი სექსუალურ ურთიერთობაზე, თმაში მწვდა და ისე მითრია, რომ გადავვარდი, – ამბობს ჩხაიძე.
ნოდარ ღუნაშვილი ცოლზე ძალადობის ბრალდებით ციხეში რამდენიმე თვის განმავლობაში იჯდა და საპყრობილე საბედისწერო ღამემდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
ქეთი ჩხაიძე ამტკიცებს, რომ 13 მარტის ღამეს ქმარმა ის სცემა, შემდეგ კი საძილე საშუალებები დალია. ექსპერტიზის დასკვნით, ღუნაშვილს თავში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მისმა მეუღლემ თავის არეში ჭრილობა სამზარეულოში დაცემის შედეგად მიიღო, თუმცა ექსპერტიზამ სისხლის კვალი ადგილზე ვერ იპოვა.
ჩხაიძე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ ღუნაშვილის ბავშვობის მეგობარს, ზურაბ კახიშვილს სახლში მისვლა სთხოვა. კახიშვილი მათთან სახლში რამდენიმე წუთში მივიდა.
ქეთი ჩხაიძის მტკიცებით, ამის შემდეგ ღუნაშვილმა და კახიშვილმა ტერიტორია ერთად დატოვეს, რამდენიმე საათის შემდეგ სახლში მხოლოდ კახიშვილი დაბრუნდა და ღუნაშვილის მკვლელობის შესახებ აცნობა. კახიშვილს მკვლელობის იარაღი, სისხლიანი დანა ეკავა ხელში.
– მოვკალიო, სისხლები ზედ ჰქონდა ჯერ, ამით მოვკალი ნოდოო, რა გჭირს, შენ გამო გავაკეთე, ესეთ დღეში რომ გაგდებდაო, თავისუფალი ხარ ეხლაო, – ამბობს მოკლულის ცოლი.
გამოძიება 28 წლის ქალს ქმრის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ღუნაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის ქმრის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა.

