ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია:
– პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ყოველდღიურ რეჟიმში, თუნდაც იმის გამო, რომ მოვახდინოთ ზეწოლა, ამნისტიის კანონის ის ფორმა, რომელიც არის მიღებული, არ გავიდეს და, თუკი გავა, საგამოძიებო კომისიის შექმნას შევუწყოთ ხელი.
– თუკი მაინც შედიხართ, მაშინ რა მოიტანა ამ ბოიკოტმა და გაჯიუტებამ?
– პირველ რიგში მოიტანა ის, რომ, ფაქტობრივად, საბოლოოდ გააშიშვლა “ქართული ოცნება”, როგორც მოძალადე პოლიტიკური რეჟიმი, როგორც ერთი ადამიანის კლანი, რომ არ არის დამოუკიდებელი არც ერთი ინსტიტუტი. ეს ნათელი გახდა უკვე მთელი მსოფლიოსათვის.
– რა საჭირო იყო სალომე სამადაშვილის ასეთი ძლიერი კრიტიკა თქვენი მხრიდან, თუკი თქვენც შედიხართ?
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. მან თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენი პარტიის პოლიტიკა არ არის დამყაყებული პოლიტიკური პროცესი. ყველა ირჩევს თავის გზას.
– ნიკა მელია იქნება თუ არა მერობის ოპოზიციური კანდიდატი?
– სწორედ ნიკას დამსახურებაა ის, რომ ოპოზიცია დღეს ბევრად უფრო ქმედებაუნარიანია. მართალია, დღეს სერიოზული ბზარი გაჩნდა ამ ოპოზიციაში. თუნდაც იმიტომ, რომ არ გაღრმავდეს ეს პროცესი, აუცილებელია, ნიკა მელია და მთელი ნაციონალური მოძრაობა იყოს იქ, სადაც არის მთელი ოპოზიცია.
ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა იყო გლდანის არჩევნების დროს. მაშინ დაუდგა ოპოზიცია ნიკას გვერდით და ახლაც ოპოზიციის გასაერთიანებლად კარგი იქნება, ნიკა მელია დასახელდეს მერობის კანდიდატად ოპოზიციის მხრიდან.
ძალიან კარგია, თუ ნიკა იქნება საერთო კანდიდატი.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა