საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებულ 6 ქართველს შორის 2 ქალია

საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებულ 6 ქართველს შორის 2 ქალიაბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ ატიკაში ქურდობის ბრალდებით 6 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს შორის 2 ქალია.

ათენის პროკურატურამ დაკავებულების ვინაობაც გაასაჯაროვა.

დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს. მათ ბრალად ქურდობა ედებათ. ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკაში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, როდესაც  დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ასევე 6.220 ევროს ღირებულების 2 ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 190.000-მდე ევრო შეადგინა.

ქართველები იპარავდნენ ყველაფერს, დაწყებული ძვირადღირებული როლექსის საათებით, დამთავრებული მოვერცხლილი დანა-ჩანგლის კომპლექტით.

დაკავებულ ქართველებს შორის, სამი კახეთის რეგიონიდან არის.

ორი დაკავებული, თელავში მცხოვრები თამაზ შინგაზრდილოვი და სოლომონ არაბაშვილი, მესამე კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ეკატერინე კოლოტაძეა.

დაკავებულების ოჯახის წევრებისათვის ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო. თენგიზ შინგაზრდილოვის ბებიის განმარტებით, მამაკაცი, მეუღლესთან ერთად საბერძნეთში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა.

– აქ ხე-ტყის ხელოსანიც იყო, კაფელსაც აკეთებდა. დისტრიბუციის მანქანაზე მუშაობდა. ცოლთან ერთად წავიდა, დაახლოებით ორი წლის წინ, იქ რას საქმიანობდა არ ვიცი, რაც წავიდა, მას შემდეგ, კონტაქტი აღარ გვქონია. პირველად მესმის დაკავების ამბავი“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ თამაზ შინგაზრდილოვის ბებია.

დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდათ, სოლომონ არაბაშვილის ოჯახშიც. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი, საერთაშორისო გადაზიდვების ოფისში მუშაობდა და საბერძნეთში, ოთხი წლის წინ, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა.

პრაიმ ტაიმი