სალომე ბარკერმა ფეიბუქში დაწერა:
“2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლაური. და ამ დროში იმდენად შემეზარდა მკლავზე, ამას წინათ თავად გურამ კაშია ჰყავდათ ერთ ეთერში სტუმრად და პროდიუსერმა მე დამირეკა, სამკლაური გვათხოვე, ვერ ვიშოვეთო.
უამრავი ბნელეთი რომ უჭერს მხარს ამ პროტესტს, არ ყოფილა ჩემთვის დამაბრკოლებელი აქამდე, და როგორც დააანონსეს 12:00 საათზე მობილიზაცია, ისე მივედი და დავდექი ჩემთვის წყნარად.
ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ.
და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას.
უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.
გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად.
მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, და ბოდიში, ცოტა ვინერვიულე.”

