საქართველოში მალე ციფრული ლარი შემოვა და ნაღდ ფულს ჩაანაცვლებს

საქართველოში მალე ციფრული ლარი შემოვა და ნაღდ ფულს ჩაანაცვლებს„ციფრულ ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.

როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. როგორც სებ-ის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს.

„ციფრული ლარის მთავარი ფუნქცია და მიზანია, რომ ის იყოს გადახდის საშუალება, ისევე როგორც ეს არის ნაღდი ლარი. ეს იქნება ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსია. ნაღდი ფულის მსგავსად, ციფრულ ლარი იქნება მომენტალური, მისი გაცვლა შესაძლებელი იქნება ორ მხარეს შორის. ამისთვის არ იქნება საჭირო შუამავალი. თუმცა, ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ციფრულ ლარზე შესაძლებელი იქნება დამატებით ე.წ ჭკვიანი კონტრაქტების შემუშავება. მაგალითად, ბიზნესებს შეეძლებათ მარაგების ამოწურვის შემთვევაში გადარიცხვა ავტომატურად განახორციელონ მიმწოდებელთან და ახალი მარაგები გამოიწერონ. ვფიქრობთ, რომ ამ ტექნოლოგიას ძალიან ბევრი უპირატესობა ექნება,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისი თქმით, ციფრული ლარი იქნება ეროვნული ვალუტის გასხვავებული ვერსია, რომელსაც კურსზე გავლენა არ ექნება.

„ელექტრონულ ლარს არ ექნება რამე განსაკუთრებული ღირებულება. ის იქნება ლარის სხვანაირი ვერსია. კურსისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ლარს დავბეჭდავთ ქაღალდის ფულზე, თუ ამისთვის გამოვიყენებთ სხვა მატერიას და დავბეჭდავთ ელექტრონულად, კომპიუტერში. შესაბამისად, კურსზე ელექტრონული ლარის გამოშვებას არანაირი ზეგავლენა არ ექნება, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.