ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა-შვილის სახლს სამეგრელოში მეზობლებმა ცეცხლი წაუკიდეს.
მათ ბრალად ედება, რომ 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს.
მამა-შვილი პოლიციამ გუშინ, 24 ივნისს, დააკავა.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან.
მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.
როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბებთან საუბარში აცხადებს, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
„მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

