რამდენიმე დღის წინ გლდანულის ერთ-ერთ სკვერში მოზარდს 400 კგ-იანი რკინის საქანელა ფეხზე დაეცა. მოზარდმა ფეხის არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი?
დაზარალებული ბავშვის მშობლები პასუხიმგებლობას მერიას აკისრებენ, რომელმაც საქანელები საბავშვო მოედანზე დაამონტაჟა, თუმცა უსაფრთხოების ზომებს აღარ შეუმოწმებია.
– დაახლოებით 2 კვირის წინ გადმოვარდა საქანელა, და ამის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ იქნა მიმართული, რომ მოსულიყვნენ და გაეკეთებინათ, თუმცა არავინ არ მოვიდა. მოხდა შემდეგ ის რაც მოხდა, დაჯდა ჩემი შვილი, გადმოვარდა უზარმაზარი საქანელა და ბავშვი ფაქტიურად გადარჩა.
მერიასთან მე გავედი მე-4 დღეს, იქამდე არავის არ დაურეკავს. მიუხედავად იმისა, რომ მოვიდნენ, შეაკეთეს საქანელა. ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ დავას მორალურ ზიანზე, – ამბობს ბავშვის დედა.
ოჯახის ადვოკატის თქმით, მერიის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინეს რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ატრაქციონები, ვანდალიზმის გამო ზიანდება, ხოლო გლდანის რაიონის გამგებელს კომუნიკაცია აქვს ოჯახთან და გამოთქვამს მზაობას, რომ სამედიცინო ხარჯები დააფინანსოს. რაც შეეხება მორალურ ზიანს, “მთავარი არხისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში თბილისის მერია ამ საკითხზე ყურადღებას არ ამხვილებს.
მთავარი

