“4 დღე კარცერში დაბმულს მირტყამდნენ, რომ მკვლელობა მეღიარებინა” – გიორგი ხარძეიშვილი საბერძნეთის ციხიდან

"4 დღე კარცერში დაბმულს მირტყამდნენ, რომ მკვლელობა მეღიარებინა" - გიორგი ხარძეიშვილი საბერძნეთის ციხიდანსაზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, – აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.

კაცმა, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობა აღიარა. იქამდე საბერძნეთის პოლიცია ეჭვმიტანილად ბრიტანელი ქალის სახლში შეჭრილ ქართველ ყაჩაღებს განიხილავდა.

32 წლის პილოტი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ცოლი სახლში შეჭრილმა ყაჩაღებმა მოუკლეს, რომლებიც 11 მაისს ათენის გარეუბანში მდებარე მათ სახლში შეიჭრნენ. მისი თქმით, სამმა ყაჩაღმა დააბა და ჯერ ცოლი მოუკლა, შემდეგ კი €15,000 წაიღო. მისივე თქმით, ყაჩაღებმა მოუკლეს ძაღლიც.

თუმცა გამოძიებისას კაროლინის smart watch-მა აჩვენა, რომ მისი გული მაშინაც ცემდა, როცა, ქმრის მტკიცებით, მკვდარი უნდა ყოფილიყო. ხოლო, ქმრის მობილურმა ტელეფონმა იმ დღის განმავლობაში ქმრის მოძრაობები გამოააშკარავა – როდესაც ის ამტკიცებდა, რომ გაკოჭილი იყო, სინამდვილეში სახლის გარშემო მოძრაობდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სათვალთვალო კამერაც.

იმედინიუსი