რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ხანჯლით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა.
კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ აღმოჩნდა, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებდა.
“მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო”, – უყვება მამაკაცი “ინფო რუსთავს”.
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა.
“მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა”, – იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მხრიდან მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. თვითმხილველებმა მეგობრობის გამზირზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება და პოვნა მალევე შეძლეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ის არ მიიღეს.
“ჩვენ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ამის შესახებ მოვახსენეთ საპატრულო პოლიციას, შევადგინეთ ოქმი და გავუშვით. ფიზიკურად ვერ მივიღებთ”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” კლინიკის მორიგე ექიმმა, მარიამ მამრიკიშვილმა.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, კაცის გადაყვანა გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხერხდა, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს.

