“მითხრეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი” – ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა

"მითხრეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი" - ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა– 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული, თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც.

ამის შესახებ განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა 26 ივნისს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ მისი ყოფნა საქართველოში სასურველი არ იყო, თუმცა წასვლა არ ისურვა და ქვეყანაში დარჩა.

– აეროპორტში დიდი ხნით უსაფუძვლოდ ვიყავი დაკავებული, 8 საათზე რატომ მოხდა ჩემთვის ბრალის წაყენება ვერ გავიგე. ჩამოვფრინდი 13:00 საათზე, დამხვდნენ საზღვართან და 20:00 საათამდე ველოდებოდით. 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ, რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული. თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა საქართველოში არ იყო სასურველი, მაგრამ არსად არ წავედი, საქართველოში დავრჩი, – აღნიშნა ვატო ყიფიანმა.

ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარის განმარტებით, ყიფიანის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. ამასთან, ბრალდებული იცნობს საქმეში დაკითხულ არაერთ მოწმეს და შესაძლოა ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

იპნ