ფულის გადახდა „ქურდული წესით“ – ქუთაისში 3 პირი დააკავეს

ფულის გადახდა „ქურდული წესით“ - ქუთაისში  3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, განცხადებით, “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან – 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა თ.ჩ.-მ, შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებელის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა.

“ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ”,- წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.