ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის სახლშიც 23 ივნისს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, ამბობს, რომ მათ სახლში სამართალდამცველები სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევიდნენ. განჩინებას კი საფუძვლად, მანამდე გაკეთებული მისი განცხადება დაუდეს.
საქმე ეხება მოხისში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც, სამართალდამცველები სოფლის მცხოვრებ ორ ადგილობრივთან სახლში შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. შსს-ს თანამშრომლები სახლებში იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
ჩხრეკის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც შპს “აგროინდუსტრიის” დირექტორმა თქვა, რომ მოხისელები მას სოცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.
კომპანიის დირექტორი იმ მიწების ახალი მეპატრონეა, რომელსაც მოხისელები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით გაასხვისა. მაშინ ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და სატელევიზო ეთერებში პირობა დადეს, რომ სახნავ-სათეს მიწებს არ დათმობდნენ.
– დამეცა პოლიცია 5 იყვნენ, მოვიდნენ, შემოცვივდნენ ეგრევე, სახლი უნდა გავჩხრიკოთო. პროკურატურიდან არის მოსული განჩინება და უნდა გავჩხრიკოთო.
საბრძოლო მასალებს ვინახავ თურმე და ცეცხლსასროლ იარაღს. საფუძვლად დაუდეს, მე რომ აღელვების ნიადაგზე ვთქვი, მოვკლავ-მეთქი. როცა უცებ გაიგებ, რომ როცა რაღაცას გეგმავ, შენი ქონება უცებ გაყიდეს და საარსებო წყარო წაგართვეს, აღელვების ნიადაგზე, ნებისმიერი ადამიანი, ან იმას იტყვის ან ამას იტყვის.
მაგან სადაც ამდენი გააკეთა, არ ვარ დაზღვეული, რომ ისევ ჩხრეკა არ ჩაატარონ და ჩამიდონ სახლში, – ამბობს მამუკა კვალიაშვილი.
ვაჟა გორდიაშვილის კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია “თრიალეთის” დირექტორი ჯონდო ნანენატაშვილია, სწორედ “თრიალეთის” 10 პროცენტს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი.
ჯონდო ნანეტაშვილის ძმა, ბადრი ნანეტაშვილი შერიგების მინისტრის მოადგილეა. მოხისელები ამბობენ, რომ “აგროინდუსტრიამ” მიწები სწორედ ხელისუფლებასთან ახლო კავშირის გამო ჩაიგდო ხელში, პროტესტის გამო კი მთავრობამ მათი დასჯა გადაწყვიტა.
მთავარი

