საბერძნეთის ციხეში ქართველმა პატიმარმა მეორე ქართველი პატიმარი მოკლა

საბერძნეთის ციხეში ქართველმა პატიმარმა მეორე ქართველი პატიმარი მოკლა43 წლის ქართველმა დავით მურჯიკნელმა, რომელიც საბერძნეთის ციხეში სასჯელს იხდის, სხვა, ასევე ქართველი პატიმარი ცივი იარაღით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობა საგამოძიებო იზოლატორში ორ ქართველ პატიმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. ბერძნული მედიის ცნობით, დავით მურჯიკნელმა რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის ცნობილი მსახიობი ნიკოს სერგიანოპულოსი ასევე დანით მოკლა, რომელსაც ცივი იარაღით 21 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული მკვლელობა 2008 წელს მოხდა. 13 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დავით მურჯიკნელს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ერთი დღის წინ ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლი, ასევე ქართველ პატიმარს კი, 15 წლიანი პატიმრობის ვადა ორ წელიწადში ამოეწურებოდა.

ექიმები იზოლატორში დაჭრილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, როდესაც მას გულის შეტევა განუვითარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სისხლიანი გარჩევის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია და სამართალდამცველები იძიებენ.

რუსთავი 2