თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემი მოსწავლეების უმეტესობა საქმიანი ადამიანები არიან და კარგად იციან დროის და სწავლის ფასი. მათ უმეტესობას საქმისთვის სჭირდება ესპანური, ზოგს უბრალოდ, ძალიან მოსწონს და უნდა იცოდეს, ზოგს სახლი აქვს ესპანეთში, ზოგს ბიზნესინტერესები, ზოგი ამერიკაში ცხოვრობს და ხედავს რომ იქ ესპანურის ცოდნა აუცილებელია.
გაკვეთილის გაცდენა ჩემთვისაც და მათთვისაც მიუღებელია, ამიტომ ხშირად ყოვლად წარმოუდგენელი ადგილებიდან მერთვებიან ხოლმე. მანქანიდან, მატარებლიდან და აეროპორტიდან ჩართვა ჩვეულებრივი ამბავია, თათბირზე ტესტების შევსებაც მოსულა, პანაშვიდიდან ადგომა, ერთი საათით მანქანაში დამალვა და ონლაინ გაკვეთილზე შემოსვლა აღარ მიკვირს, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ჩემი მიზანდასახული და მონდომებული Marika Bakuradze-ა, რომელიც შარშან კლინიკაში მოხვდა, ისე ცუდად იყო, რომ სასწრაფოს მძღოლმა ხელში აყვანილი ჩაიყვანა მანქანამდე და საავადმყოფოში, გადასხმები რომ დაუდგეს და ცოტა აზრზე მოვიდა, დამირეკა, ჩავატაროთ გაკვეთილიო.
აქ მეც კი შევცბი, მაგრამ უარს ხომ არ ვეტყოდი და სანამ ექთნები წვეთოვანს უმოწმებდნენ და შეშინებულები ეკითხებოდნენ, თავს როგორ გრძნობთო, ის პედრო ალმოდოვარის “Dolor y Gloria” -ს მიყვებოდა ესპანურად.
ასე რომ, დღეს მონდომება და ნიჭი თქვი, თორემ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში, მარტო უცხო ენების კი არა, უამრავი საგნის შესწავლა შეიძლება დასწრებულად თუ დაუსწრებლად და როგორ მეცოდებიან ახალგაზრდები, კომპიუტერულ თამაშებში ან უაზრო ყიალში რომ ფლანგავენ დროს, რომელსაც უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებ.”

