ვიკა ბუკია – “უხასიათო გაბრიაძე ვნახე ბოლოს იქ, სადაც სიფრიფანა ხაჭაპურები იყიდება”

ვიკა ბუკია - "უხასიათო გაბრიაძე ვნახე ბოლოს იქ, სადაც სიფრიფანა ხაჭაპურები იყიდება"ვიკა ბუკია რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“უხასიათო გაბრიაძე ვნახე ბოლოს იქ, სადაც სიფრიფანა ხაჭაპურები იყიდება და ყველაზე გემრიელი კატლეტი. მშვენიერი საათის კოშკთან, ანჩისხატის სამეზობლოში, კაფეში სადაც ყველა სკამი მისია, ყველა მაგიდა და ყველანაირი “ფინტიკლუშკა” გაბრიაძეს ეკუთვნის. ვიფიქრე, მივუახლოვდები ახლა და ისევ ვთხოვ ინტერვიუს. “თქვენ ხომ შემპირდით, ბატონო რეზო” – დავიმანჭები საწყლად, გავახსენებ 2 წლის წინანდელ პირობას, რომელიც ჩემს მეგობარს მისცა. მაგრამ, როგორც კი წარმოვიდგინე ეს სცენა, მისი ამოხედვა, მშრალი უარი და მე ამსიგრძე გოგო ატუზული და წარბებჩამობრეცილი – ისევ სიფრიფანა ხაჭაპურების ჭამა განვაგრძე.
არაფერი არ იცვლება ამით. მგონი პირიქით. ერთადერთია, ვისთანაც ერთი სინქრონიც არ ჩამიწერია და მით უფრო მითიურია, როგორც ჩანს.
მე მყავს მეგობრები, რომელთაც თბილისი საერთოდ არ იციან, მაგრამ იციან “გაბრიაძის” მიდამოები და იმპულსურად გრძნობენ, რომ ეს ქალაქი არც თუ ისე ურიგოა:)

Daša Słabčanka google translate როგორ შეგატყობინებს ამ სტატუსს არ ვიცი, მაგრამ რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. აი, ის კაცი ვის წარმოდგენებსაც ამთხვევდი ამსტერდამი-თბილისის რეისებს. რა გითხრა, ჩემო დაშა. “დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“