შიდა ქართლის პოლიცია 38 წლის შალვა გულიაშვილს ეძებს.
2021 წლის 3 ივნისს, საღამოს დაახლოებით 20-დან 21 საათამდე პერიოდში, გორში 42 წლის ზურაბ რიკრიკაძე (მეტსახელად ტრუტი) სასიკვდილოდ დაჭრეს. სწორედ, ამ საქმის გამო, დაიწყო პოლიციამ შალვა გულიაშვილის ძებნა.
ვისგან ან ვისი კუთვნილი იარაღიდან მიიღო ჭრილობა 42 წლის მამაკაცმა, ჯერ უცნობია. გულიაშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ სწორედ იარაღის წარმომავლობაა გასარკვევი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შალვა გულიაშვილი არ არის მკვლელი და არც არასდროს ყოფილა.
შალვა გულიაშვილის ადგილსამყოფელს არკვევს ადვოკატი ანა ჟღენტიც, რომელიც გორში სპეციალურად ჩავიდა, საგამოძიებო უწყებას ორდერი ჩააბარა, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გულიაშვილის ინტერესები საგამოძიებო პროცესებში დაიცვას.
ადვოკატი ანა ჟღენტი შალვა გულიაშვილს წლების განმავლობაში იცავდა. 2004 წლიდან 2018 წლამდე, პატიმარი შალვა გულიაშვილი, მეტსახელად სემსოტა, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოდა.
გულიაშვილის საქმეები, ბოლო 16 წლის განმავლობაში, განხილული აქვს ბორჯომის, ქარელის, გორისა და მცხეთის სასამართლოებს. ნაწილი ეხება ახალ აღმოჩენილი გარემოებების გამო განაჩენში ცვლილებებს, ნაწილი კი პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნებს.
– რომ ჩაიხედოთ საქმეებში, საოცარ ამბებს ნახავთ, – განაცხადა ადვოკატმა. კითხვას, ამ წარსულ საქმეებში ოდესმე გადაიკვეთა თუ არა შალვა გულიაშვილისა და ზურაბ რიკრიკაძის ინტერესები. ადვოკატმა ასე უპასუხა:
– მსგავსი ფაქტი არ მახსოვს.
ქართლი

