ზურაბ რიკრიკაძემ მის ფოტოზე კომენტარის გამკეთებელი შეხვედრაზე დაიბარა – გორში მკვლელობის ახალი დეტალები

ზურაბ რიკრიკაძემ მის ფოტოზე კომენტარის გამკეთებელი შეხვედრაზე დაიბარა - გორში მკვლელობის ახალი დეტალებიწუხელ გორში 42 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ციხიდან გამოსულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოკლა – გავრცელებული ვერსიით, კონფლიქტი ფეისბუქში მიწერილ კომენტარს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ზურაბ რიკრიკაძისთვის საკუთარ ფოტოზე ფეისბუქ მომხმარებლის კომენტარი მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც პირი შეხვედრაზე დაიბარა. რიკრიკაძესთან ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან ერთად მივიდა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. რამდენიმეწუთიან გარჩევას სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც რიკრიკაძეს ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა საავადმყოფოში ვეღარ შეძლეს.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მომხდარის შემდეგ მალევე, ადგილობრივებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასიკვდილო გასროლა 37 წლის მამაკაცმა განახორციელა.

შალვა გულიაშვილი, მეტსახელად “სემსოტა” კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია და 16-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რიკრიკაძეს, მეტსახელად “ტრუტს”, წლების წინ მამა მოუკლეს, სავარაუდო მიზეზი კრიმინალური გარჩევა და ანგარიშსწორება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ახლო ნათესავია.

გამოძიება ამ ეტაპზე 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, შესაძლოა დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ბრალდება დამძიმდეს და მას მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს.

რუსთავი 2